მენეჯერთა ერა
ერთნი ამბობენ
რომ მართვა ხელოვნებაა, მეორენი ამბობენ, რომ - მეცნიერება. ზოგი კი ორივე მოსაზრების
შეზავებას ცდილობს. თავად მენეჯრებისთვის იგი ხელოვნებაც არის, თვითდამკვიდრების საშუალებაც
და ცხოვრების სტილიც.
ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, გაცილებით სწრაფად იცვლება,
ვიდრე დანარჩენი მსოფლიო, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის მაინც. სწრაფად იცვლება ჩვენი მოთხოვნილებები, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და სულ უფრო მეტად გვინდა, იგი უფრო ლამაზი და ძლიერი იყოს. გვინდა
ვხედავდეთ, როგორ იზრდება და ვითარდება ერი, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას იმ კანონებით
ცდილობს, რითაც ადრე არასოდეს უცხოვრია. ხალხი, რომელიც განთქმულია ლამაზი
სადღეგრძელოებითა და სუფრის ტრადიციებით, დროის უყაირათო ხარჯვითა და ჭეშმრიტად ქართული თვისებებით, ერი, რომელიც ფიქრობს, რომ „დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამს“ და რომ „საქმე არსად გაიქცევა ამ დღისაა ხვალეც“, ერი, ვისთვისაც საქმოსნობა სულ ცოტა ხნის წინ სალანძღავი სიტყვა იყო, ახლა, კრიტიკულ პირობებში, ცდილობს ახალი თვისებების გამომუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უფროსობა უცხო ხილი არ არის, აღმოჩნდა, რომ ეს უფრო სოციალური მდგომარეობისთვის გვჭირდებოდა, ვიდრე საქმის საკეთებლად. და როდესაც აუცილებელი გახდა შენება, ახლის კეთება და მუხლჩაუხრელი შრომა, აღმოჩნდა, რომ ამისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები გვაკლია, რომლებიც აუცილებელია საქმიანი ადამიანებისთვის.
სადღეგრძელოებითა და სუფრის ტრადიციებით, დროის უყაირათო ხარჯვითა და ჭეშმრიტად ქართული თვისებებით, ერი, რომელიც ფიქრობს, რომ „დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამს“ და რომ „საქმე არსად გაიქცევა ამ დღისაა ხვალეც“, ერი, ვისთვისაც საქმოსნობა სულ ცოტა ხნის წინ სალანძღავი სიტყვა იყო, ახლა, კრიტიკულ პირობებში, ცდილობს ახალი თვისებების გამომუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უფროსობა უცხო ხილი არ არის, აღმოჩნდა, რომ ეს უფრო სოციალური მდგომარეობისთვის გვჭირდებოდა, ვიდრე საქმის საკეთებლად. და როდესაც აუცილებელი გახდა შენება, ახლის კეთება და მუხლჩაუხრელი შრომა, აღმოჩნდა, რომ ამისთვის ის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები გვაკლია, რომლებიც აუცილებელია საქმიანი ადამიანებისთვის.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დასაწყისში, ქვეყნის
საქმიან სამყაროში, ორგანიზაციების მფლობელებად მართვის გამოცდილების არმქონე ახალგაზრდები,
ან ნაკლები გამოცდილების მქონე ხელმძღვანელი მუშაკები მოგვევლინენ. მათი როლი და დამსახურება
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეუფასებელია; მათ ის ლოკომოტივი დაძრეს, რომლის
გაჩერებაც, ალბათ, უკვე შეუძლებელია. სწორედ მათ დაიწყეს ქართველ საქმოსანთა სტერეოტიპების
ნგრევა; ამჟამად კი ისინი სულ აქტიურად გადასცემენ მართვის ტვირთს ადამიანების ახალ
კლასს, რომელთაც შეუძლიათ, უყვართ და იციან, როგორ მართონ, როგორ აკეთონ საქმე, როგორ
მიაღწიონ დასახულ მიზანს; ისინი დღეს საშუალო და მაღალი რგოლის მმართველობით სტრუქტურებში
მუშაობენ. მათი მთავარი კაპიტალი მართვისა და წინსვლის უნარია. მათი მნიშვნელობა ქვეყნისთვის
მუდმივად იზრდება. ასე იწყება საქართველოში მენეჯერთა ერა.
მენეჯერებად არ ინიშნებიან, მენეჯერებად ცხოვრობენ.
შეიძლება იყო დანიშნული ხელმძღვანელი, მაგრამ არ იყო მენეჯერი. შეიძლება არავის ხელმძღვანელობდე,
მაგრამ იყო მენეჯერი. მენეჯერობა უპირატესად პიროვნების შინაგანი მდგომარეობა და ცხოვრების
სტილია. ის, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას, მოვალეობებს ნიშნავს და არა სოციალურ
სტატუსს, თანამდებობას, ან მინიჭებულ უფლებებს. მენეჯერები წინმსვლელი ადამიანები არიან.
აწუხებთ უძრაობა, მაგრამ აფიქრებთ მოძრაობა; ადამიანები, რომელნიც ყოველთვის ამბობენ
იმას რასაც ფიქრობენ და აკეთებენ იმას, რასაც ამბობენ. სწორედ მათი ერა იწყება დღეს,
ვინაიდან ისინი ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას, რათა გადარჩეს და განვითარდეს.
ერთი მხრივ, ძალიან მარტივია, იყო კარგი მენეჯერი. ამისთვის
საჭიროა, იცოდე და დაიცვა ხუთი კანონი. უბრალოდ,
ზოგჯერ საკმაოდ რთულია ამა თუ იმ კანონის დაცვა, ალბათ, ამიტომაც არ არის ყველა მენეჯერი.
დააკვირდით ქალაქის ქუჩებს შუა დღისას (ალბათ, ამას
პირველად არ აკეთებთ). სასწაულია, რა ამოძრავებს ამ ხალხს. ყოველი მათგანი სადღაც რაღაცის
გასაკეთებლად მიიჩქარის. ადამიანი, რომელიც მოცლილია და ფანჯრიდან იცქირება, თავის
თავს ჰკითხავს - რატომ ხდება ასე? როგორ და რატომ მოძრაობს ყველაფერი ჩვენ გარშემო?
შეიძლება ამ კითხვაზე ბევრი ფიქრი არც ღირს თუმცა ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა უპასუხო
მას, რათა მომავალში აღარ შეგაწუხოს. მენეჯერებმა ზუსტად იციან, რა არის მათი მთავარი
მიზანი ცხოვრებაში. მათ ამ კითხვას უპასუხეს და ამის შედეგად გახდნენ უფრო პრაგმატულები,
რეალისტები და ეფექტიანები. თითოეულმა მათგანმა იცის, რომ მისი უმთავრესი მიზანი საზოგადოების
სასარგებლოდ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებაა. მათ იციან, რომ ყოველი
ჩვენგანი საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანისთვის იბადება. საზოგადოება, თავის მხრივ,
თითოეულს სათანადოდ აფასებს. მენეჯრებმა იციან, რომ ყველას განსხვავებული უნარები და
თვისებები აქვს, რადგან განსხვავებული მისია უნდა შეასრულოს. მათ იციან, რომ თითოეულში
არსებობს მოტივები, რომლებიც აიძულებს მათ, მუდმივად ეძებონ ადგილი, სადაც საკუთარი
უნარების გამოყენებას ყველაზე უკეთ შეძლებენ, ანუ იპოვონ და შეასრულონ თავიანთი მისია.
ერთი შეხედვით, ადამიანთა ქმედებებს განსხვავებული მოტივები
შეიძლება ედოს
საფუძვლად. ზოგს შეიძლება სურდეს ფული, ზოგს - პური და წყალი, ზოგს - ქონება, ზოგს კი ახლობელ
ადამიანთა ბედნიერება. სწორედ ეს მოტივები შეიძლება ამოძრავებდეთ, როდესაც ყოველდღიურად
სახლიდან გამოდიან. მაგრამ, მენეჯერებმა იციან, რომ ადამიანის ყველა ქმედების უკან
(ზოგჯერ ქვეცნობიერად ზოგჯერ კი კარგად გააზრებულად)
მაქსიმალული თვითრეალიზების სურვილი დევს, რაც ყველა მოტივის მოტივია. სწორედ ეს მარტივი,
ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტება ეხმარება მენეჯერებს ადამიანებთან ურთიერთობაში. თუ
გსურს, ადამიანმა რაიმე კარგად გააკეთოს, ძალიან უნდა უნდოდეს მისი გაკეთება. ამისთვის
კი საჭიროა, მას ჰქონდეს აუცილებელი უნარები, კარგად გააზრებული თვითრეალიზაციის სურვილი
და ამის მაქსიმალური შესაძლებლობა. სწორედ ესაა მენეჯერთა პირველი კანონის საფუძველი,
რომელიც ამბობს:
„ისწრაფე მაქსიმალური თვითრეალიზებისაკენ და ასევე მიეცი გარშემომყოფთ მაქსიმალური
თვითრეალიზების შესაძლებლობა“
ამ კანონის დაცვა ეხმარება მენეჯერებს ადამიანებთან
საერთო ენის გამონახვაში, ერთი იდეის გარშემო მათ გაერთიანებასა და საერთო საქმისთვის
მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაში.
წარმოიდგინეთ შენობის აგების პროცესი, რომლის დანიშნულება
უცნობია და არც პროექტი არსებობს. რამხელა ტერიტორია უნდა შემოღობო, რამდენი მასალა
მოიმარაგო, რამდენი მუშა დაიქირავო, როგორი საძირკველი უნდა გათხარო? ყოველივე ამის
განსაზღვრა შეუძლებელია. როცა საქმე მშენებლობას ეხება, ყველასთვის ცხადია ასეთი იდეის
განხორციელების შეუძლებლობა. ასევე, ყველა
სხვა საქმის კეთების შემთხვევაში, ადამიანთა უმრავლესობას ძალზე ბუნდოვანი წაარმოდგენა
აქვს, რა უნდა და როგორ აპირებს სასურველი შედეგის მიღწევას. ეს განასხვავებს მენეჯერებს
დანარჩენი უმრავლესობისგან. მათი მეორე უდიდესი კანონი ამბობს:
„ყოველთვის ზუსტად იცოდე რა გინდა, და გქონდეს გზა, რომლითაც აპირებ მიზნის
მიღწევას“
მენეჯერი საქმის დაწყებამდე ცდილობს, ზუსტად განსაზღვროს
მიზანი და შეიმუშაოს გზა მის მისაღწევად. ასეთი ტაქტიკა ეხმარება მას ყველა რესურსის
სწორად გამოყენებაში რომელიც მის ხელშია. ეს კი ზრდის მენეჯერის მონაწილეობით შექმნილ
საზოგადოებრივ სარგებელს.
ადამიანი, საშუალოდ, 75 წელს ცოცხლობს. ეს ნიშნავს,
რომ იგი მხოლოდ 75-ჯერ ნახულობს გაზაფხულის მოსვლას, ამდენჯერვე ფოთოლცვენის ულამაზეს
სურათს, სულ 75-ჯერ ხედავს, როგორ დგება ზამთარი და 75-ჯერ ხვდება ზაფხულს. სულ
75, წარმოიდგინეთ, რა ცოტაა, ფაქტობრივად არაფერი, მით უმეტეს, რომ ამ 75-ის მნიშვნელოვანი
ნაწილი უკვე განვლილია და ყოველი წუთი კიდევ უფრო ამცირებს დარჩენილი წლების რაოდენობას.
რა ცოტა დროა იმისთვის, რომ სრულად გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია და რაც უფრო მეტის
გაკეთება შეგიძლია, მით უფრო ნაკლები დრო გრჩება მოქმედებისთვის. თუ გინდა, რომ სხვაზე
მეტის გაკეთება მოასწრო, აუცილებელია სხვაზე უკეთ გამოიყენო დრო, დრო, რომელიც ყველაზე
ძვირფასი რესურსია ყველა მენეჯერისთვის. ყოველი დღე, როდესაც შეგეძლოთ რაღაცის გაკეთება
და არ გააკეთეთ, ნამდვილ კოშმარად გადაიქცევა სიბერეში. რაც უფრო ბევრია ასეთი დღეები
ადამიანის ცხოვრებაში, მით უფრო მტკივნეულია სოცოცხლის ბოლოს პასუხი კითხვაზე: რა შეიძლება
მქონოდა ახლა მე, ან ვინ შეიძლებოდა ვყოფილიყავი. არავინ პატიობს სიბერეში საკუთარ
თავს ახალგაზრდობაში დაკარგულ დროს, მაგრამ
მაშინ ყველაფერი გვიანაა. მენეჯერთა მესამე კანონი ამბობს:
„გამოიყენე დრო“
მენეჯერებს კარგად ესმით, რომ ბევრი მუშაობა არ ნიშნავს
ბევრის კეთებას. ამიტომ მათ ყველაზე უკეთ იციან დასვენება და მისი ფასი, მუშაობის დრო,
რეჟიმი, გრაფიკი და მისი მნიშვნელობა.
ზრდისა და განვითარების სურვილი ყველა ადამიანში არსებობს.
ეს თვითრეალიზების უმთავრესი მოტივის მნიშვნელოვანი ნაწილია. განვითარების სურვილი
ადამიანის ევოლუციის ყველა ეტაპზე არსებობდა და ალბათ, ევოლუციასაც იწვევდა. ადამიანმა
ისწავლა ცეცხლის დანთება, ქვისგან იარაღის
კეთება, რკინის გამოდნობა და ცოცხალი არსებების კლონირება. ვინ იცის, სად ვიქნებოდით,
თითოეულ ადამიანში წინსვლის სურვილი რომ არ იყოს ჩანერგილი. თითოეულმა მენეჯერმა კარგად
იცის, რომ, თუ გინდა მაქსიმალური თვითრეალიზების მიღწევა, საჭიროა, აკეთო მაქსიმუმი,
რის კეთებაც დღეს შეგიძლია და ისწავლო იმისთვის, რომ ხვალ უფრო მეტის კეთება შეძლო.
ესაა ამ მიზნის მიღწევის ერთადერთი სწორი ფორმულა. სწორედ ამიტომ, ყოველი მენეჯერი
მნიშვნელოვან დროს უთმობს სწავლას და ცდილობს, მისცეს მაგალითი ყველას, ვინც მასთან
ერთად მუშაობს. ჩაუნერგოს მათ სწავლის დიდი სურვილი. მან იცის, რომ ამ შემთხვევაში
შეძლებს, იყოს უფრო ეფექტიანი მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ პრინციპს ეფუძნება მენეჯერის
მეოთხე კანონი, რომელიც ამბობს:
„ისწავლე, რაც შენ გჭირდება და შენ გარშემო ასწავლე ყველას ის, რაც მათ
უნდათ, რომ ისწავლონ და არა ის, რაც შენ გჭირდება“
ამ კანონის დაცვა საინტერესოს ხდის მენეჯერთან მუშაობას.
მასთან ყველა ახერხებს შრომითი კმაყოფილების მაღალი დონის მიღწევას, რაც ადამიანის
ნაყოფიერების ზრდის უმნიშვნელოვანესი პირობაა.
საგზაო მოძრაობის წესები მოიგონეს იმის გამო, რომ შეემცირებინათ
უბედური შემთხვევების რიცხვი და არა იმისთვის, რომ დაესაქმებინათ ინსპექტორები. ბევრი
ფიქრობს, რომ მოძრაობის წესები უნდა დაიცვას იქ, სადაც ინსპექტორი დგას, ხოლო სხვაგან
წესების დარღვევა შეიძლება. სწორედ იმის გამო, რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს და იქცევა,
საგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი ხდება იქ სადაც ინსპექტორები არ არიან და არა იქ,
სადაც მოძრაობის ნიშნები არ არის.
მენეჯერებმა იციან, რა მნიშვნელობა აქვს ნდობის ფაქტორს
- ნდობას ზემდგომების, ხელქვეითების, პარტნიორების მიმართ. მათ კარგად ესმით, რომ ნდობის
მოპოვების ერთადერთი გზა პატიოსნებაა და პატიოსნება არა მარტო მაშინ, როდესაც უპატიოსნობას
შესაძლებელია მიგიხვდნენ და არ გაპატიონ, არამედ ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში.
მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ მოიპოვონ ნდობა და შეინარჩუნონ ის მთელი ცხოვრების
განმავლობაში, რომლებიც იცავენ კანონს:
„იყავი პატიოსანი ყოველთვის“
და არა ისინი, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია მიხვდეს, როდის
იყოს პატიოსანი და როდის შეიძლება ამით თავი არ შეიწუხოს. მენეჯერებმა იციან პატიოსნების
ფასი, ვინაიდან მათთვის ნდობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამასთან არა კონკრეტულ პერიოდში,
არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მისი დაკარგვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მოპოვება,
მაგრამ ის, ვინც გარშემომყოფთა ნდობით სარგებლობს, გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებს.
დრო გადის, ჩვენ გარშემო მენეჯერთა რაოდენობა იზრდება,
იზრდება მათი როლი და მნიშვნელობა. რაც უფრო მეტნი არიან ისინი, მით მეტია საქმე, საზოგადოებრივი
სარგებელი, კეთილდღეობა, ზრდა და განვითარება. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან
და განსხვავებით დანარჩენებისგან მხოლოდ ხუთი ნიშანი, ხუთი კანონი განასხვავებთ, რომელიც
მათი ცხოვრების წესს უფრო საინტერესოს, სასარგებლოსა და სამაგალითოს ხდის. ყოველთვის
იცავენ რა აღნიშნულ კანონებს, სადაც ისინი არიან, ყველაფერი გამოდის, ყველაფერი კეთდება,
ყველაფერი წინ მიდის. ისინი თვითონ ქმნიან
ცხოვრების ახალ წესს, სადაც მთავარი საქმეა, სადაც ადამიანები იმედით ცხოვრობენ,
ვინაიდან ხედავენ დაუღალავ და შეუპოვარ მოძრაობას წინ, ძლიერი და ლამაზი მომავლისაკენ.
სწორედ ამიტომ იწყება საქართველოში მენეჯერთა ერა.
2003, იანვარი
ნაწყვეტი ამოწერილია წიგნიდან "ლიდერობის ხელოვნება"
No comments:
Post a Comment